ცოტა რამ გორზე
მემკვიდრეობით მიღებული განძის ნაწილი სწორედ გორში გადამალეს (ამ სამალავს “ტონთიო” ანუ “ოქროს მთა” ეწოდებოდა). ზოგიერთი ისტორიულიწყარო კი ქალაქის დაარსებას უფრო გვიანი წლებით ათარიღებს და მის დაარსებას მეფე დავით აღმაშენებელს მიაწერს (1072-1125 წწ.), რაც XII საუკუნის დამდეგს უნდა მომხდარიყო. დავითის მეფობის წლებში გორი სამეფო ქალაქი გახდა. მას გააჩნდა
ფეოდალური ქალაქისთვის დამახასიათებელი ყველა ნიშანი: მას განაგებდა მეფის მოხელე, ჰქონდა საკუთარი ციხე, გარს ერტყა ზღუდე, რომელსაც, თავის მხრივ, შემოვლებული ჰქონდა თხრილი. ამასთან, მოსახლეობის რაოდენობის გაზრდის მიზნით, მეფე დავითმა აქ ვაჭარ-ხელოსნებიც ჩაასახლა. XII საუკუნიდან საქართველოში ჩამოდიან კათოლიკე მისიონერები, რომლებიც მოღვაწეობენ ქვეყნის
სხვადასხვა კუთხეში, მათ შორის გორშიც. XV საუკუნეში აქ უკვე არსებობდა კათოლიკური ეკლესია, სადაც მღვდელმსახურებას გენუელი მღვდელი აღავლენდა. კათოლიკეები კომპაქტურად იყვნენ დასახლებულნი ქალაქის ერთ ნაწილში, რომელსაც დღესაც ფრანგების უბანს უწოდებენ. საინტერესოა იტალიელი მისიონერის,ეატინელთა ორდენის წევრის, დონ ქრისტოფორო დე კასტელის (1600-1695 წწ.) მიერ საქართველოში მოღვაწეობის დროს (XVII ს-ის I ნახევარში მან 26 წელი გაატარა საქართველოში) გაკეთებული რელაციები, გრაფიკული ჩანახატები (ისტორიულ პირთა პორტრეტები, ეკლესია-მონასტრებისა და სამეურნეო-საყოფაცხოვრებო ნაგებობათა სურათები) ვრცელი განმარტებითი ტექსტებით, რომლებიც მნიშვნელოვან ცნობებს იძლევა XVII საუკუნის საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ისტორიაზე, მათ შორის გორის შესახებაც, სადაც მან 1633-1642 წლებში მრავალი ჩანახატი შექმნა. გორის შესახებ ჩანაწერებს ვხვდებით ფრანგი მოგზაურის ჟან შარდენის (ფრანგი იუველირი და მოგზაური, 1643-1713 წწ.) კრებულში “სერ ჟან შარდენის მოგზაურობა სპარსეთსა და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში”, რომლის ერთი ნაწილი ეთმობა საქართველოში მისი მოგზაურობის პერიოდს.
სტრატეგიულ მნიშვნელობასთან ერთად, ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის გამო, ქალაქი მნიშვნელოვან და დიდ ეკონომიკურ ცენტრსაც წარმოადგენდა. გორზე ბატონობის მოპოვება ნიშნავდა პოლიტიკურ გაბატონებას შიდა ქართლზე. ამიტომაც, XIII საუკუნიდან მოყოლებული XVIII საუკუნის I ნახევრამდე, გორი მუდმივი ბრძოლების ასპარეზს წარმოადგენდა და მხოლოდ XVIII საუკუნის 40-იან წლებში გათავისუფლდა უცხოელი დამპყრობლებისაგან.