გორში ტარდება ტური „დეზინფორმაციის დეტექტივები“, რომლის მიზანია საბჭოთა პროპაგანდის მიერ წაშლილი ისტორიების გაცოცხლება და მათი პარალელების ჩვენება თანამედროვეობასთან. იდეა ეკუთვნის ჟურნალისტ ნინო დალაქიშვილს.
ერთ-ერთი ისტორია, რომელიც მორიგი ტურის მთავარი თემა იყო, გორში მცხოვრებ სესილია ხუციშვილის ოჯახს უკავშირდება.
გორელი სტუდენტი, 25 წლის ელიოზ ხუციშვილი, 1918 წლის 8 თებერვალს (ძვ. სტ. 26 იანვარს) თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გახსნას ესწრებოდა.
ელიოზმა შთაბეჭდილებებით სავსე წერილი უფროს ძმას გაუგზავნა, სადაც დეტალურად აღწერს, რა ხდებოდა აუდიტორიაში და მის გარშემო. ისტორიული წერილის ასლს გორში მცხოვრები სესილია ხუციშვილი ინახავს, რომელიც ელიოზის ძმისშვილია.
სესილია ხუციშვილი გორელ ახალგაზრდებს ბიძის წერილის შინაარსს აცნობს.